თაღლითობა კრიპტოვალუტით (Bitcoin & Ethereum)

0
992

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000
თაღლითები და თავად თაღლითობის ინსტიტუტი (თუ შეიძლება ასეც დავარქვათ) არსებობდა ოდითგანვე და დღესაც არსებობს. თაღლითობისთვის დამახასიათებელი ნიშანია ადამიანების მოტყუება, მათი გაბითურება და მოტყუებით, მათი ფულის წართმევაა.

დღეს ციფრულმა სამყარომ თაღლითობის სფერო გადააქცია რაღაც ბიზნეს კომპანიად, სამსახურად. ბევრ ქვეყანაში არსებობს თაღლითური კომპანიები, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მუშაობის დაწყება და მათი ანაზღაურებაც საკმაოდ ნორმალურია, მაგრამ რის (ან ვის) ფასად?

თაღლითურ კომპანიებზე ნადირობა სამართალდამცავებმა დღეს საქართველოშიც დაიწყეს. ჩვენ ვხედავთ თაღლითური კომპანიების ოფისების რეიდებს, თანამშრომლების დაჭერებს და გამოძიებებს. ზოგიერთი თაღლითური კომპანია როგორც ერთი დიდი კომპანია ეგრე არ ფუნქციონირებს. დიდი თაღლითური კომპანიები დაყოფილია ხოლმე პატარა, მინიატურულ, ნაკლებად შესამჩნევ კომპანიებად. რაც უფრო ნაკლებად შესამჩნევია კომპანია, მით უფრო ნაკლებად მიიქცევს იგი სამართალდამცავების ყურადღებას. გარდა მოცულობითი დანაწევრებისა ასეთი კომპანიები სხვა ქვეყნებშიც კი ანაწილებენ თავის მიკრო კომპანიებს, რაც უფრო მეტად შეუმჩნეველსა და რთულად მისაგნებს ხდის მათ სათაო ოფისებს, მათ ციხესიმაგრეებს.

მსგავსი დეცენტრალიზებული მმართველობის გამო ბუმბერაზი თაღლითური კომპანიების შემოსავალმა მილიონებს და მილიარდებსაც კი მიაღწია. ეს ინფორმაცია განგაშისმომცემია, რადგანაც მათი ნაშოვნი ფული ვიღაცის ჯიბიდანაა ამოღებული. მეორენაირად რომ ვთქვათ, მათი მილიონები უდრის მილიონ მოტყუებულ ადამიანს.

ყველაზე ცნობილი თაღლითური კომპანიები მდებარეობს ინდოეთში და მის მახლობლად. ისეთ ქვეყანაში, სადაც გაჭირვებული და დაბალი ფენის მაცხოვრელები უფრო მეტია ვიდრე საშუალო ფენის. ასეთ ქვეყნებში საზოგადოების მორალი დაქვეითებულია ხოლმე და უფრო ქვეითდება მაშინ, როდესაც მათ სთავაზობ არა შენი ქვეყნის მოქალაქეების გაძარცვას, არამედ რომელიმე მდიდარი ქვეყნისა. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის ქვეყნების და ა.შ. ზოგიერთმა მომუშავემ შეიძლება პირიქით, სამართლიანად ჩათვალოს მისი საქმიანობა, წარბიც კი არ შეუხრეს, როგორც რობინ ჰუდი:  მე ვპარავ მდიდრებს და ვაძლევ ღარიბებს. რა თქმა უნდა, იგი შეიძლება პარავდეს მდიდრებს, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი აძლევს საკუთარ თავს, რადგან საკუთარ თავს იგი ღარიბად თვლის.

გულახდილად რომ ვთქვათ, თაღლითების ძირითადი სამიზნე მართლაც მდიდრები არიან. მეტი ფულის მქონე ადამიანისგან, მოტყუებით, მეტი ფულის მიღება უფრო იოლია ვიდრე საშუალო ფენის წარმომადგენლისგან, თუმცა ეს ბოლო უფრო მეტად მოწყვლადი და ხელმისაწვდომია.

ასე რომ, სამიზნეებში საგრძნობლად ჭარბობენ უბრალო, საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანები, რომლებიც საკუთარი ოფლის ფასად შოულობენ ფულს და შეიძლება სიცოცხლის ბოლომდეც ეგეთებად დარჩნენ (მათი არჩევანიდან გამომდინარე, ან გარემოს მდგომარეობის).

ჩვენ ვნახეთ, რომ ტექნოლოგიურმა წინსვლამ (კომპიუტერებმა და ციფრულმა გადარიცხვებმა) თაღლითური საქმიანობა გაზარდა, შესამჩნევი გახადა და შეგვიძლია ვთქვათ კიდევაც, რომ გააპოპულარულა. თუმცა, აქ თაღლითების საქმე არ გაჩერებულა. ტექნოლოგიურმა წინსვლამ ჯერ არ მიაღწია საკუთარ ლიმიტს. მისი განვითარების სიჩქარე ისეთივე ექსპონენციალური არაა, როგორადაც აქამდე ითვლებოდა, მაგრამ გაჩერებით ნამდვილად არ გაჩერებულა.

2009 წელს გამოჩნდა ე.წ. კრიპტოვალუტა სახელად – ბიტქოინი, რომლის ავტორიც – სატოში ნაკამოტო ისეთივე უცნობი და იდუმალია, როგორიც არის ნებისმიერი ზღაპრული პერსონაჟი. ჩვენ ხელთ გვაქვს მის მიერ გამოქვეყნებული ბიტქოინისა და ბლოკჩეინის აღწერილობის დოკუმენტები და მისი კრიპტო საფულის მისამართი, რომელიც მან დასაწყისში მხოლოდ რამდენჯერმე გამოიყენა და მერე გაუჩინარდა. თავად სატოში არავის აინტერესებს და ეს ბუნებრივია. ხალხს იზიდავს და ამახსოვრდება გამოგონება და არა გამომგონებელი. მაგალითად, ფორდის ხსენებაზე ჩვენ გამოგონება გვახსენდება: ფორდ მუსტანგი, ფიესტა, ფოკუსი; და არა თავად ამ ყველაფრის ფუძემდებელი – ჰენრი ფორდი.

ბიტქოინმა და მისმა ტექნოლოგიამ – ბლოკჩეინმა წამოშვა სხვა, მსგავსი ბლოკჩეინისნაირი კრიპტოვალუტები. ყველაზე ცნობილი ბიტქოინის შემდეგ არის ეთერიუმი. კრიპტოვალუტების ყიდვა რეალური ფულით და მათი განაღდებაც შესაძლებელია ბანკებში და რომელიღაც სპეციფიურ კერძო კომპანიებშიც კი. კრიპტოვალუტები ბევრგან გამოიყენება, არა მხოლოდ შავბნელ, არამედ უბრალო ადგილებშიც: რესტორნებში, სასტუმროებში, ინტერნეტ მაღაზიებში და ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებებშიც კი. რა თქმა უნდა, ასეთი დაწესებულებების რაოდენობა ძალიან ცოტაა, მაგრამ მომავალში შეიძლება გაიზარდოს, რადგანაც ბიტქოინისა და ეთერიუმის ფასი ყოველდღე იზრდება. ნებისმიერი ვალუტის ფასის ზრდასაც ხომ ამ ვალუტისადმი ინტერესი განაპირობებს: რაც მეტი ადამიანი გაცვლის დოლარს ბიტქოინში – მით უფრო მეტი იქნება მისი ერთეულის ფასიც.

ბიტქოინის ერთ-ერთი დადებითი და ამასთანავე უარყოფითი მხარეც არის მისი დეცენტრალიზებულობა, მისი დამოუკიდებლობა ბანკების კონტროლისა და რეგულაციებისგან. სხვა ენაზე რომ ვთქვათ, ბიტქოინსა და სხვა კრიპტოვალუტებს შუამავალად ვიღაც ერთი ან ორი ადამიანი არ ჰყავთ. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ განვახორციელოთ ტრანზაქცია (გადახდა) ვიღაც შუამავლის გარეშე და არ გვეშინოდეს იმისა, რომ ჩვენი თანხა არ მივა ადრესატამდე. ასევე არ უნდა გვეშინოდეს იმისიც, რომ ვინმე ჩვენ საფულეს გაგვიყინავს, დაგვიყადაღებს, ჩამოგვართმევს რაღაც წესებიდან გამომდინარე. ყველაფერი ეს მართლაც საამო ჩანს ჩვენთვის, უბრალო ადამიანებისთვის, მაგრამ მოდით შევხედოთ ამას თაღლითების თვალით და ვნახავთ თუ რა საზარელი ინსტრუმენტი შეუქმნია საწყალ სატოში ნაკამოტოს, რომელსაც შეიძლება არც კი უფიქრია თაღლითებზე და რომელსაც შეიძლება სულ სხვა სახელიც კი ჰქვია. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი დანამდვილებით არ ვიცით.

კრიპტოს (ასე ვეძახით კრიპტოვალუტებს) დეცენტრალიზებულობისა და უკონტროლობის ბუნება თაღლითებს აძლევს საშუალებას, რომ უფრო თავისუფლად აკეთონ თავიანთი საქმიანობა. მათ აღარ უწევთ შუამავალ ბანკზე ფიქრი. ასევე, მსხვერპლი ტრანზაქციის უარყოფასაც კი ვერ შეძლებს. ბანკის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ჩივილი და ტრანზაქციის უარყოფა თუ ეს ტრანზაქცია მოხდა არაკანონიერად, მოატყუეს და ა.შ. კრიპტოს შემთხვევაში თუ თქვენ გადარიცხეთ – თქვენ დაკარგეთ. თქვენი თანხის უკან დაბრუნება უკვე შეუძლებელია. თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმღები უკან დაგიბრუნებთ თქვენ თანხას და, რა თქმა უნდა დამერწმუნებით, რომ თაღლითი ამას არასოდეს იზამს.

კლასიკური თაღლითობის (ნაღდი ფულის მოპარვისა და ბანკების ანგარიშის გატეხვის) მაგალითები ბევრი გვინახავს და გვსმენია, მაგრამ კრიპტო თაღლითობები ძალიან ცოტა. მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ-ერთ კრიპტო თაღლითობაზე, რომელიც აღმოვაჩინეთ მე და ჩემმა ძმამ გუშინ (25 მარტს, 2022 წელს) იუტუბზე. ვუყურებდი ვიღაც ბიძია კაცის ლექციის ჩანაწერს და იუტუბმა მარჯვნივ მაჩვენა ერთერთ ვიდეო შემოთავაზებად ილონ მასკის პირდაპირი ეთერი სათაურით: Elon Musk Bought Another $8.4B Cryptocurrency. Ethereum & Bitcoin Will Explode In 2022 ! BTC News (ქართულად არის: ილონ მასკმა იყიდა 8.4 მილიარდის ღირებულების ბიტქოინის კრიპტოვალუტა. ეთერიუმი და ბიტქოინი აფეთქდება 2022-ში ! BTC-ს სიახლეები). თავად ლაივ ვიდეოს გარეკანი (thumbnail) ზედა მარცხენა ჩარჩოში აჩვენებდა ილონ მასკის, ჯეკ დორსისა (რომელიც არის თანადამფუძნებელი, მაგრამ ამჟამად ყოფილი დირექტორი Twitter-ისა) და ორი წამყვანის საუბარს. ეკრანის დაბლა იყო ილონ მასკის ტვიტერის კომენტარი მისი ქველმოქმდებების შესახებ და ეკრანის დარჩენილი მარჯვენა ვერტიკალი იყო სავსე ტექსტით, რომლის თანახმადაც ყოველ გადმორიცხულ კრიტპო ვალუტაზე უკან დაგიბრუნებდათ ორჯერ უფრო მეტი. საუბარი იყო ბიტქოინსა და ეთერიუმზე. ვპერიფრაზირებ: „გადმორიცხე 0.1-დან 100 ბიტქოინამდე, ანდა 1-დან 250 ეთერიუმამდე, შესაბამის საქველმოქმედო საფულეში და ჩვენ უმალვე გამოგიგზავნით ორჯერ მეტს იმავე საფულეში საიდანაც გამოგზავნეთ ეგ თანხა“.

თაღლითის იუტუბის გვერდი (ჩაწერილია 26 მარტს)

მე ამ ყველაფერმა დამაფიქრა. ჩვენ ვიცოდით რომ ილონ მასკი ბიზნესმენია და, როგორც სხვა საღად მოაზროვნე ბიზნესმენი, იგი ფულს ამგვარად არ გაანიავებდა. სანამ უშუალოდ ვიდეოს ლეგიტიმურობაზე დავფიქრდებოდით, იქამდე დავფიქრდით ილონის ამ ნაბიჯზე: იქნებ მისმა ამ ქმედებამ ბიტქოინისა და ეთერიუმის ფასის მატება იმდენად გამოიწვიოს, რომ ეს დანახარჯი არაფრად უღირდეს. თუმცა, 8.4 მილიარდი იმდენად დიდი თანხაა, რომ მის ამოღებას კრიპტოვალუტის ფასის გაორმაგებითაც ვერ მოახერხებს ადამიანი. ამ ყველაფერს რაღაც საეჭვო, აფერისტული სუნი დაჰკრავდა.

თავად ვიდეოში საუბარი იყო კრიპტო ვალუტაზე და არავითარი საუბარი არ იყო თავად ქველმოქმედებაზე. პირდაპირი ეთერის ავტორს გამორთული ჰქონდა ლაივის დროის მაჩვენებელი და, როგორც მივხვდით, წინასწარ დამონტაჯებულ ვიდეოს ატრიალებდა. ვუყურეთ და რაღაც მომენტში ნამდვილად შევამჩნიეთ, რომ ერთი და იგივე ფრაგმენტი მეორდებოდა, უსასრულოდ.

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ნამდვილი ლაივის ჩანაწერიც პიროვეთ თავად იუტუბზე და თურმე იგი 8 თვის წინ ყოფილა ჩაწერილი.

მოკლედ, გადავედით არსებული გვერდზე (რომელსაც ერქვა: Tesla News) და ვნახეთ, რომ ამ გვერდზე მხოლოდ ერთადერთი ვიდეო იყო – ეს კონკრეტული ლაივი. თავად იუტუბის ეს გვერდი ახლადრეგისტრირებული არ იყო. იგი იყო წლებით ადრე რეგისტრირებული და რამდენიმე ათასი გამომწერიც კი ჰყავდა. ჰმმ… მაშინ რაშია საქმე? ჩვენ გადავწყვიტეთ გვენახა თავად საქველმოქმედო საიტი, რომელსაც ვიდეოს ტექსტუალური ნაწილი აფიშირებდა.

თაღლითის ვებ-გვერდი (ბიტქოინისთვის)

თავად ვებ-გვერდის მისამართი იყო (ახლა იგი გათიშეს): https://www.elon-double.net. არსებულ მისამართზე იყო ორი არჩევანი: ან ჩაგვერიცხა თანხა ბიტქოინის ანგარიშზე, ან ეთერიუმის. თავად კრიპტოსაფულე შედგება უნიკალური ჰეშ-მისამართისგან და მასში არსებული თანხის, ან ტრანზაქციების ნახვა მარტივადაა შესაძლებელი სხვადასხვა საიტების მეშვეობით. ჩვენ ზუსტად ასე მოვიქეცით…

კრიპტოსაფულის დასათვალიერებლად  გამოვიყენეთ შემდეგი ვებ-გვერდი: https://www.blockchain.com/explorer. არსებული ვებ-გვერდი გვაძლევს საშუალებას, რომ დავათვალიეროთ ბიტქოინისა და ეთერიუმის საფულეები. ზუსტად ეს გვინდოდა ჩვენც.

საიტზე მითითებული ბიტქოინის საფულეზე დარიცხული თანხა არ აღემატებოდა $100 დოლარს, ხოლო ეთერიუმის საფულის დათვალიერებამ გამოიწვია ჩვენში გაკვირვება. ეთერიუმის საფულეში (რომლის მისამართია: 0xF8fb9D6A3CE8D08005b367117A41615119FD287E. გაფრთხილებთ, არაფერი გადარიცხოთ ამ მისამართზე!) დაგვხვდა 8 შემოსული ტრანზაქცია, რომელიც შეადგენდა დაახლოებით $30,000 დოლარის ღირებულების ეთერიუმს. საფულეში არსებული თანხა არსად არავის არ გადაურიცხავს. ჰმმ… იქნებ გადმომრიცხავს სხვა საფულიდან გადაურიცხა ილონმა ორჯერ მეტი ეთერიუმი? რა თქმა უნდა ესეც შევამოწმეთ. ჩვენ გადავედით ერთ-ერთი მსხვერპლის საფულეში (ესაა ერთ-ერთი გოიმის საფულის მისამართი, რომელმაც 1 ეთერიუმი გადარიცხა: 0x9c47f792142f2400a54c061ab557839a32900e98). აქ ჩანს რომ არსებულ პიროვნებას არაფერი უკან არ დაუბრუნდა. მან დაკარგა დაახლოებით $3,000 დოლარის ღირებულების ეთერიუმი და საფულეში დარჩა იმის ნახევარი, რაც მანამდე ჰქონდა.

სანამ გავაგრძელებთ საუბარს თაღლითის ამ საეჭვო საფულეზე, გვსურს გაგიზიაროთ კიდევ დამატებით აღმოჩენილი საეჭვო ინფორმაცია ამ იუტუბის ლაივ ვიდეოზე. თავად ლაივ ვიდეოს ყურებისას მარჯვენა შემოთავაზებების ველში გამოჩნდა კიდევ ორი მსგავსი ლაივ ვიდეო: ერთი აჩვენებდა ზუსტად იგივეს და მის გვერდს ერქვა: Elon Musk [Tesla], ხოლო მეორე აჩვენებდა ოდნავ განსხვავებული ფონის მქონდე ჩანაწერს, მაგრამ თავად ლაივის ჩარჩო (სადაც ილონი და სხვები ჩანდნენ) იგივე იყო. ამ მომენტისთვის (და მანდამდეც) ჩვენთვის უკვე ყველაფერი ნათელი გახდა. ეს იყო თაღლითური სქემა, რომელიც ამოქმედდა 25 მარტს და ამოქმედდა რამდენიმე იუტუბის გვერდების გამოყენებით. ჩვენ მხოლოდ 3 იუტუბის გვერდი აღმოვაჩინეთ, მაგრამ შეიძლება მეტიც ყოფილიყო. გარდა იუტუბისა, ჩვენ ვიპოვეთ ფეისბუკზე (Facebook) ერთი, მსგავსი ლაივ ვიდეო. გასაგები გახდა რომ თაღლითი იყენებს ერთზე მეტ სოციალურ ქსელსა და ვიდეო ფლატფორმებს.

ფეისბუქის ლაივის ვიდეოში მითითებული თაღლითური ვებ-გვერდი განსხვავდებოდა იუტუბის ლაივის ვიდეოში მითითებული გვერდისაგან. ფეისბუქის ვებ-გვერდის მისამართი იყო (და შეიზლება ახლაც აქტიურია): https://www.primetokenpay.com. აქ მითითებული ბიტქოინისა და ეთერიუმის საფულეებიც განსხვავდებოდა. რა თქმა უნდა, თაღლითი გამოიყენებდა ერთზე მეტ საფულეს. თუმცა, ჩვენ არ ვიცით, ამ ეტაპზე, რამდენი საფულე, ან რამდენი ილონ მასკის საიტი და ლაივია გაშვებული, ან სადაა გაშვებული.

მოდით დავუბრუნდეთ ეთერიუმის საეჭვო საფულეს, რომლის დაცარიელებაც მოხდა მეორე დღეს, 26 მარტს. თაღლითმა საფულიდან მოახდინა (დაგროვებული 12 ეთერიუმის) ტრანზაქცია შემდეგ საფულეზე: 0x9a8608f96d44cae7c9d120e5aa8aaef52143906c (არაფერი გადარიცხოთ ამ საფულეში!). ამ საფულეში შემოსული თანხის რაოდენობა არის დაახლოებით $199,000 დოლარი. ეს თანხა საგრძნობლად აღემატება პირველ საფულეში არსებულ თანხას. ეტყობა თაღლითი სხვა საფულეებიდანაც (რაც სხვა თაღლითური საიტების მეშვეობით გაავსო) რიცხავდა არსებულ საფულეში ეთერიუმს. მიმდინარე მისამართიდანაც მოხდა ორი ტრანზაქცია სხვადასხვა მისამართით. ჩვენ გავყევით ერთერთ მისამართს, რომელში შესული თანხის რაოდენობაც დაახლოებით $685,000 დოლარი იყო. ვხედავთ, რომ ყოველ შემდეგ საფულეში შესული თანხების (ეთერიუმების) რაოდენობა იმატებს. არსებული საფულიდან ბოლო პერიოდში გადარიცხვები არ ფიქსირდებოდა და ჩვენ შევხედეთ მეორე საფულეს, რომელშიც ჯამურად დაახლოებით $300,000 დოლარის ღირებულების ეთერიუმი შევიდა. ამ საფულედან ბოლოს გაკეთებული ტრანზაქცია იყო განხორციელებული 22 მარტს შემდეგ საფულეში: 0x5427fefa711eff984124bfbb1ab6fbf5e3da1820 (არაფერი გადარიცხოთ ამ საფულეში!). ამ საფულეში შესული თანხის რაოდენობა (ეთერიუმებში) არის დაახლოებით $651,000,000 დოლარი. ამ საფულეში ამ სიდიდის თანხა უკვე აღარაა. აქედანაც მოხდა თანხის დიდი ნაწილის გადარიცხვა.

არ მინდა რომ მოგაწყინოთ ტრანზაქციებისა და საფულეების მისამართებით. ჩვენ ბევრი საფულეები დავათვალიერეთ: საიდან და სად მიდიოდა თანხა, და მეორე თაღლითურ საიტზე მითითებული საფულის და მისგან გამავალი ტრანზაქციების დათვალიერების შემდეგ მივადექით ერთ მსუქან საფულეს. ამ კრიტპოსაფულეში იმხელა თანხა შევიდა მისი შექმნიდან დაწყებული, რომ ყველა კლასიკური თაღლითური კომპანიის ჯამურმა შემოსავალმაც კი შეიძლება ვერ გადააჭარბოს. ჩვენ მივადექით ამ საფულეს: 0xc02aaa39b223fe8d0a0e5c4f27ead9083c756cc2 (არაფერი ჩარიცხოთ აქ!), ამ მონსტრს, რომელში შესული ეთერიუმების ღირებულებაც არის დაახლოებით $1,446,000,000,000 დოლარი. ეს არის დაახლოებით ტრილიონნახევარი დოლარი. ამ საფულიდან გადაირიცხა თანხის ნაწილი და მასში არის მხოლოდ $20,600,507,030 დოლარი, რაც მაინც დიდი თანხაა თაღლითური წრისთვის.

თაღლითის ერთ-ერთი საფულე

ეს იყო ჩვენი მოგზაურობა, რომელმაც გვაჩვენა ახალი და შემზარავი სამყარო, სადაც კრიპტო (მსგავსად ახლადგამოგონებული იარაღისა) გამოიყენება დამანგრეველ ბოროტმოქმედულ საქმიანობაში – თაღლითობაში, და გამოიყენება მძლავრად და გაშმაგებულად.