არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000
წინა პოსტში (თაღლითობა კრიპტოვალუტითში) ჩვენ აღმოვაჩინეთ ერთ-ერთი გიგანტური თაღლითური კომპანიის მახეები იუტუბსა და ფეისბუქზე. აგრეთვე, ჩვენ მივაკვლიეთ მათ ვეშაპ კრიპტოსაფულეს (ასე ეძახიან გიგანტურ კრიპტოსაფულეებს), რომელშიც შესული თანხის ღირებულება დაახლოებით ტრილიონნახევარს შეადგენდა. თაღლითების ლაივ ვიდეოებმა 1-2 დღე გასტანეს და შემდეგ იუტუბმა მათი გვერდები დაბლოკა, მაგრამ ეს არ იყო მათი დასასრული…
გუშინ, 6 აპრილს, ჩვენ წავაწყდით მორიგ ლაივ ვიდეოს ილონ მასკის სახელითა და კრიპტოქველმოქმედების წარწერებით. გასაგებია, თაღლითს მეტი ფული მოსწყურდა. სქემა იყო იგივენაირი: ახლადდარეგისტრირებული დომენი, თავისი ცნობილი გვერდითა და ახალი საფულით (ბიტქოინისთვისა და ეთერიუმისთვის). თავად საიტსა და საფულეს ამჯერად არ განვიხილავთ, რომ არ მოგაწყინოთ თავი. ვიტყვი იმას, რომ კონკრეტული საიტიდან შესული თანხა, ჯამში, დაახლოებით შეადგენდა $100 000 დოლარს. ჰმმ… საკმაოდ დიდი თანხაა ერთი დღის ლაივ ვიდეოსთვის. იქნებ კიდევ სხვა ვიდეოებია გაშვებული? ჩვენ დავინტერესდით ამით.
იუტუბის საძიებო ველში შევიყვანეთ ტექსტი “elon musk bitcoin” (ან “elon musk cryptocurrency”. მსგავს სახელზეც იგივე შედეგს მოგცემთ) და ფილტრაციაში მივუთითეთ რომ მხოლოდ ლაივები მოეძებნა. შედეგებმა გაგვაკვირვა. ერთ, ორ ან სამ ვიდეოს მოველოდით და მივიღეთ 10-ზე მეტი ლაივ ვიდეო, რომლებიც იგივე საიტს მიუთითებდნენ და ზოგიერთი ლაივი სხვა საიტებსაც კი.
თუ კარგად დააკვირდებით ანიმაციურ სურათს, მაშინ შეამჩნევთ რომ ზოგიერთ ვიდეოზე ილონის მაგივრად ვიღაც ქალია გამოსახული და მაგ ლაივშიც ეგ კონკრეტული ქალი საუბრობს და არა ილონ მასკი. რა გამოდის? ე.ი. ილონ მასკის გარდა თაღლითი სხვა სახეებსაც იყენებს? ჩვენ ამანაც დაგვაინტერესა და ერთი საინტერესო ლაივი ვიპოვეთ, რომელშიც არც ილონია და არც ეს კონკრეტული ქალბატონი, არამედ არის თავად ვიტალიკ (იგივე ვიტალი) ბუტერინი, რომელიც არის თანადამფუძნებელი ეთერიუმის კრიპტოვალუტის.
საინტერესოა ისიც, რომ თავად ეს არხები, რომლებსაც თაღლითი იყენებს, არის დიდი ხნის წინ დარეგისტრირებული და მრავალი გამომწერის მქონე. მაგალითად, ერთ-ერთი გვერდი იყო 2013 წელს დარეგისტრირებული და ჰყავდა რამდენიმე მილიონი გამომწერი. ასეთი გვერდების ყიდვა საკმაოდ დიდ თანხას მოითხოვს: ათასებს, ათიათასებს და შეიძლება ასიათასებსაც კი. რა თქმა უნდა, თაღლითებს, რომლებსაც ტრილიონნახევარი აქვთ ნაშოვნი, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტული თაღლითური დაჯგუფება კიდევ გაიმეორებს მსგავს ლაივ და კრიპტოთაღლიტობებს, და მომავალშიც უნდა ველოდოთ მათ ხელმეორედ გამოჩენას, თუმცა, ამჯერად არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ილონისა და ვიტალიკისგან განსხვავებულ სხვა ვინმეს ვიხილავთ, როგორც მათ თაღლითურ სქემაში გამოყენებულ მანეკენს.