შეიძლება ეს კითხვა დღეს ყველას სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ უმრავლესობამ (მათ შორის ზოგიერთმა გამოცდილმა პროგრამისტმაც კი) მხოლოდ “ინტერნეტის გამოყენება” და მისი იდეა იცის (ის, რომ ინტერნეტი აკავშირებს ხალხს და ფაილების გადმოწერა-ატვირთვის საშუალებას გვაძლევს). შეიძლება ამას უცოდინრობა ვუწოდოთ, რომელიც განაპირობა ხალხის უმრავლესობამ, რომელმაც ჩათვალა რომ ზედაპირული ცოდნა საკმარისია და სიღრმეებში ჩასვლა აუცილებელი არ არის. სამწუხაროდ, ასეთ ცოდნას ზედაპირულიც კი არ შეგვიძლია ვუწოდოთ.
საინტერესოა თუ რა ხდება საიტზე შესვლის დროს, როგორ ხდება მოთხოვნის გაგზავნა, რა გვიბრუნდება უკან და ზოგადად რა ხდება კულისებში? სანამ ამ კითხვებს პასუხებს გავცემდეთ, მოკლედ ვთქვათ თუ რა არის ინტერნეტი და საიდან გაჩნდა.
ინტერნეტი ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული კომპიუტერების (ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ციფრული მოწყობილობების) ერთობლიობა, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობენ ინფორმაციის მიმოცვლის მეშვეობით. ამ ინფორმაციის ერთეულებს უწოდებენ პაკეტებს (რომლებსაც გააჩნია თავისი სტრუქტურა, რასაც ახლა არ განვიხილავთ).
თავად ინტერნეტის ისტორია იწყება 1950 წლიდან ელექტრონული კომპიუტერების დროს. თავდაპირველად, პაკეტური ქსელის იდეა სხვადასხვა ქვეყანაში (შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთში), კომპიუტერული მეცნიერების სხვადასხვა ლაბორატორაში წარმოიშვა. ARPANET იყო პირველი, ასეთი, პაკეტური ქსელი, რომელიც შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფმა ARPA-მ შექმნა. ARPANET პაკეტურ მიმოცვლასთან ერთად იყენებდა TCP/IP პროტოკოლს (პროტოკოლში იგულისხმება შესასრულებელი წესების ერთობლიობა). ზუსტად ეს ორი ტექნოლოგია (პაკეტური მიმოცვლა და TCP/IP) წარმოადგენს ინტერნეტის საფუძველს. ასეთ პაკეტურ ქსელში ვხვდებით ორ მოქმედ პირს: სერვერსა და კლიენტს.
კლიენტი – ეს არის ინტერნეტთან დაკავშირებული მომხმარებლის მოწყობილობები: კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, ან სხვა ციფრული მოწყობილობა (ასევე კლიენტის ქვეშ შეიძლება იგულისხმებოდეს არა მოწყობილობა არამედ რამე აპლიკაცია. მაგალითად, ვებ-ბრაუზერი).
სერვერი – ესეც კომპიუტერია, რომელშიც ინახება ვებ-გვერდები, საიტები და აპლიკაციები. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც კლიენტი შედის ვებ-გვერდზე, სერვერი მოთხოვნილ ვებ-გვერდის ასლს კლიენტს უგზავნის.
პასუხი, ანუ მიღებული ვებ-გვერდი, სინამდვილეში არის ტექსტი, რომელიც გარკვეულ “ენაზეა” დაწერილი. ამ ენას HTML-ს (HyperText Markup Language) უწოდებენ. ვებ-ბრაუზერი იღებს მიღებულ HTML-ს და ბრაუზერის ფანჯარაში გვიხატავს, გვითარგმნის ამ ტექსტს. ბრაუზერისა და სერვერის ურთიერთობა (მოთხოვნის გაგზავნა – პასუხის მიღება) ხდება წინასწარ განსაზღვრული პროტოკოლის მიხედვით, რომელსაც HTTP-ს უწოდებენ (HyperText Transfer Protocol). მოკლედ, HTTP პროტოკოლი გვეუბნება თუ როგორი უნდა იყოს მოთხოვნისა და პასუხის “ტექსტი”. HTTP პროტოკოლი შეგვიძლია გამოვიყენოთ არა მარტო HTML-ის გასაგზავნად (ან მისაღებად) არამედ სხვა ტიპის ინფორმაციის გაგზავნის (მიღების) დროსაც.
ეს იყო ინტერნეტის ზოგადი მიმოხილვა. ინტერნეტთან დაკავშირებული თითოეული საკითხი (როგორიცაა: TCP/IP, Packet Networing, HTTP და ა. შ.) საინტერესოა, თუმცა იმდენად ვრცელი და ღრმაა, რომ თითოეულის განხილვას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება.
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000